ფარისებრი ჯირკვალი

 

ფარისებრი ჯირკვალი - ეს არის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც მოთავსებულია კისრის წინა ზედაპირზე, ტრაქეის წინ. ჯირკვლის წონა დაახლოებით 10-25 გ და შედგება მარჯვენა და მარცხენა წილებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხიდაკით (ისთმუსი).

თირეოიდული ჰორმონები ასრულებს მნიშვნელოვან როლს ენერგიის მუდმივობის შენარჩუნებასა და არეგულირებს ენერგიის ხარჯვას. მათი ფიზიოლოგიური ეფექტები ვრცელდება მრავალ სამიზნე ორგანოზე და ასტიმულირებს უჯრედების მეტაბოლიზმსა და აქტივობას. ფარისებრ ჯირკვალში თირეოიდული ჰორმონების წარმოქმნას არეგულირებს ჰიპოფიზის წინა წილში გამომუშავებული თირეოიდ-მასტიმულირებელი ჰორმონი (თირეოტროპინი; TSH), რომელიც თავის მხრივ რეგულირდება ჰიპოთალამუსის თირეოტროპინ-რილიიზინგ ჰორმონის (TRH) მეშვეობით. თირეოიდული ჰორმონების პროდუქცია, აგრეთვე, რეგულირდება საკვები იოდის საშუალებით.

ფარისებრი ჯირკვალი შედგება შემდეგი უჯრედებისაგან:

  • ფოლიკულური (ეპითელური) უჯრედები, რომელიც მონაწილეობს თირეოიდული ჰორმონების წარმოქმნაში
  • ენდოთელური უჯრედები, რომელიც უზრუნველყოფს ჯირკვლის ფოლიკულების სისხლის მიმოქცევას
  • პარაფოლიკულური, ან C-უჯრედები - გამოიმუშავებენ ჰორმონ კალციტონინს, რომელიც მონაწილეობს კალციუმის მეტაბოლიზმში
  • ფიბრობლასტები, ლიმფოციტები და ადიპოციტები

ფარისებრ ჯირკვალში უპირატესად გამომუშავდება თიროქსინი (T4), რომლის უმეტესი ნაწილი (80 %-მდე) პერიფერიულ სისხლში განიცდის დეიოდინაციას ტრიიოდთირონინამდე (T3). ეს უკანასკნელი ხასიათდება უფრო მეტი თირეოიდული აქტივობით.

თირეოიდული ჰორმონების რეცეპტორები მოთავსებულია ორგანიზმის ყველა უჯრედსა და ქსოვილში. ისინი აუცილებელია ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის; არეგულირებენ მეტაბოლიზმის სიჩქარესა და, აქედან გამომდინარე, ყველა ორგანოს ფუქციას. თირეოდული ჰორმონების ორგანო-სპეციფიური ეფექტები:

  • ძვალი - თირეოიდული ჰორმონები არეგულირებს ძვლის ზრდასა და განვითარებას ოსტეოკლასტებისა და ოსტეობლასტების გააქტიურების გზით. ბავშვობაში თირეოიდული ჰორმონების დეფიციტი აფერხებს ზრდას, ხოლო მოხრდილებში მათი სიჭარბე წარმოადგენს ოსტეოპოროზის განვითარების რისკ-ფაქტორს.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა - თირეოიდული ჰორმონები განაპირობებენ გულის შეკუმშვათა გახშირებასა და გაძლიერებას, ზრდიან სისხლის მოცულობასა და ამცირებენ სისტემურ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას. შედეგად, მათი არაადექვატური გამომუშავების პირობებში შესაძლოა არითმიებისა და არტერიული წნევის მატების განვითარება.
  • ცხიმოვანი ქსოვილი - ჰიპერთირეოიდიზმი ააქტიურებს, ხოლო ჰიპოთირეოიდიზმი თრგუნავს ცხიმის დაშლის პროცესებს, განსხვავებული მექანიზმებით.
  • ღვიძლი - თირეოიდული ჰორმონები მონაწილეობს ღვიძლში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმში.  
  • ჰიპოფიზი - თირეოიდული ჰორმონები არეგულირებს ჰიპოფიზის მიერ ჰორმონების გამომუშავებას, ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას და თრგუნავს თირეოტროპული ჰორმონისას.
  • თავის ტვინი - თირეოიდული ჰორმონები მონაწილეობენ მიელინიზაციის, უჯრედების დიფერენცირების, მიგრაციისა და სიგნალების მიწოდებაში მონაწილე გენების ექსპრესიას. თირეოიდული ჰორმონები აუცილებელია ნერვული უჯრედის ზრდისა და განვითარებისათვის.

თირეოიდული ჰორმონების კონცენტრაციის ცვლილებამ პერიფერიულ სისხლში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთირეოზი ან თირეოტოქსიკოზი. 

ჰიპოთირეოზი ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება თირეოიდული ჰორმონების დეფიციტის შედეგად. მისი სიხშირე მოზრდილ ქალებში დაახლოებით 2%-ია, მამაკაცებში უფრო იშვიათია. მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზია ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაზიანება - აუტოიმუნური თირეოიდიტი, რაც ჯირკვლის პარენქიმის დესტრუქციას განაპირობებს. აგრეთვე, ჰიპოთირეოზის მიზეზები შეიძლება იყოს იოდის დეფიციტი საკვებში, ქირურგიული ჩარევის ან რადიაქტიური იოდით მკურნალობის შედეგად და ა.შ.

თირეოტოქსიკოზი ვითარდება მოცირკულირე სისხლში თირეოიდული ჰორმონების სიჭარბის შედეგად. უპირატესად ხასიათდება ბაზალური მეტაბოლიზმის გაძლიერებითა და ნერვული სისტემის დარღვევებით. მისი სიხშირე ქალებში (2%) უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცებში (0,02%). გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გრეივსის დაავადება, ტოქსიური კვანძოვანი ჩიყვი, წამლისმიერი, იოდის ჭარბი ეაოდენობით მიღება, თირეოიდიტი, TSH-მაპროდუცირებელი ადენომა და ა.შ.