რას წარმოადგენს საკვებისადმი ინტოლერანტობა და რა ფორმით ვლინდება

7 ივლისს რადიო "ფორტუნას"  და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას "პულსი" კლინიკა "ენმედიცის" ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ ჩადუნელი სტუმრობდა, რომელმაც საკვებისადმი ინტოლერანტობასა და მისი დაძლევის მეთოდებზე ისაუბრა.

 

ქალბატონო თამარ, საკვებისადმი მიუღებლობა ქვეყნის მოსახლეობის 5-8 პროცენტს აღენიშნება, რაც საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია. საინტერესოა, რას წარმოადგენს საკვებისადმი ინტოლერანტობა და რა ფორმით ვლინდება?

თემა მართლაც აქტუალურია. მარტივად რომ ავხსნათ, ინტოლერანტობა – საკვების მიმართ აუტანლობას გულისხმობს, როცა ორგანიზმს უჭირს კონკრეტული პროდუქტის მიღება და შეწოვა. მსგავსი პრობლემა ორივე სქესს აღენიშნება და ნებისმიერ ასაკში ვლინდება –  ბავშვებით დაწყებული ხანდაზმულებით დასრულებული. საკვების აუტანლობის შემთხვევაში პაციენტები მეტწილად კუჭ-ნაწლავის პრობლემებს და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, მუცლის არეში ტკივილს, შებერილობას და აირების დაგროვებას, ყაბზობას და მუდმივ ფაღარათს უჩივიან. შესაძლებელია წონის დეფიციტი ან პირიქით, ადვილად მატება და რთულად დაკლება, ხშირია, სახსრების და მიგრენის ტიპის თავის ტკივილი, ეგზემის და დერმატიტის გამოვლინება.

როგორ ხდება ინტოლერანტობის დიაგნოზირება?

მეტწილად ის პაციენტები გვაკითხავენ, ვინც წლების მანძილზე ითმენს  დისკომფორტს – მუცლის შებერილობას, აირების დაგროვებას და მხოლოდ მაშინ მოგვმართავს, როცა არასასიამოვნო შეგრძნება აუტანელი ხდება. ამგვარ პაციენტებს პირველ რიგში ვენიდან სისხლის აღებას და საკვებისადმი ინტოლერანტობის ტესტის ჩატარებას ვთავაზობთ, რათა ზუსტად განვსაზღვროთ როგორია მისი მგრძნობელობა დადგენილი 221 პროდუქტის მიმართ. სწორედ ამ ტესტით ვლინდება იმუნოგლობულინი G-ს დონე სისხლში და პაციენტის მიუღებლობა კონკრეტული პროდუქტის მიმართ.

რომელი პროდუქტი ლიდერობს ინტელორანტობის თვალსაზრისით?

ძალიან ხშირია გლუტენის და კაზეინის მიმართ ინტოლერანტობა, თუმცა ხილისა და ბოსტნეულის მიმართაც ბევრს აქვს აუტანლობა.

საინტერესოა, საკვების აუტანლობა თანდაყოლილი პრობლემაა თუ მოგვიანებით შეძენილი  და რამდენად შესაძლებელია მისი მკურნალობა?

საკვებისადმი ინტოლერანტობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა, დიაგნოსტირება ყოველთვის დაგვიანებით ხდება, რადგან პაციენტებს ყოველთვის დისკომფორტის მოთმენა ურჩევნიათ სპეციალისტისთვის მიმართვას. მართალია, ჩივილები სიცოცხლისთვის არაა სახიფათო და პაციენტებს არ სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მაგრამ მაინც არ ღირს წლების მანძილზე მსგავსი დისკომფორტის მოთმენა, რადგან მუდმივი დაღლილობა და მოთენთილობა, მუცლის შებერილობა და კანის გაღიზიანება, მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. არადა, ძალიან მარტივია ‘’აგრესორი’’ პროდუქტის დადგენა, მისი რაციონიდან ამოღება და ადამიანის ცხოვრების სერიოზულად შემსუბუქება. საშუალოდ 3-6 თვე სჭირდება ინტოლერანტობის გამომწვევი პროდუქტის სრულად შეზღუდვას, მოგვიანებით განმეორებითი კვლევა ტარდება შედეგის შესამოწმებლად, მერე კი, სათითაოდ, მცირე და მზარდი დოზებით ვაბრუნებთ იმ პროდუქტს, რომლის  მიმართაც პაციენტს ინტოლერანტობა ჰქონდა.

რამდენად ხშირია მსგავსი პრობლემა ბავშვებში?

მართალია, ხშირია, მაგრამ საკმარისია გამაღიზიანებელი პროდუქტის რაციონიდან ამოღება და ბავშვის მდგომარეობაც საგრძნობლად უმჯობესდება, თუმცა, მშობელს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ასაკის მატებასთან ერთად პრობლემა თავისით მოგვარდება.

კლინიკა „ენმედიცი’’ ინტოლერანტობის მკურნალობის პიონერად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სწორედ თქვენ წამოჭერით პრობლემა პირველებმა და ფართომასშტაბიანი კვლევებიც ჩაატარეთ. საინტერესოა, რა შემთხვევაში უნდა მოგმართოთ პაციენტმა, როგორ უნდა მიხვდეს, რომ მისი პრობლემა სწორედ პროდუქტის აუტანლობაა?

უკვე ჩამოვთვალეთ სიმპტომები, რომლებიც ინტოლერანტობის დროს ვლინდება, ასე რომ, თუ პაციენტს მსგავსი ჩივილები აქვს, მან გადადების გარეშე უნდა ჩაიტაროს ტესტი, რომელიც თბილისსა და ბათუმში ჩვენი კლინიკის ნებისმიერ ფილიალში კეთდება. სწორედ ტესტის შედეგის საფუძველზე განისაზღვრება ის პროდუქტი, რომლის მიღების უფლება აქვს ან არ აქვს.

რა განსხვავებაა ალერგიასა და საკვებისადმი ინტოლერანტობას შორის?

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დიფერენციაცია, რადგან ალერგია – იმუნური სისტემის რეაქციაა კონკრეტულ პროდუქტზე, ორგანიზმში მატულობს იმუნოგლობულინი E-ს დონე, რომელიც ჭინჭრის ციებით, კვინკეს შეშუპებით ან ანაფილაქსიური შოკით ვლინდება, საკვებისადმი ინტოლერანტობა კი –  ნაწლავში ფერმენტულ უკმარისობას გულისხმობს, როცა ორგანიზმს უჭირს საკვების აბსორბცია და საგრძნობლად მატულობს იმუნოგლობულინი G-ს დონე. საბედნიეროდ, ინტოლერანტობას არ ახასიათებს მწვავე ტკივილები და არასდროსაა სიცოცხლისთვის სახიფათო, თუმცა წლების მანძილზე გრძელდება და აუარესებს ადამიანის ცხოვრების დონეს.