ყველა ქალს უნდა ახარებდეს სხვა ქალის წარმატება, მხარდაჭერა მნიშვნელოვანია... ინტერვიუ კლინიკა „ენმედიცის“ გენერალურ მენეჯერთან
როდესაც ხარ პროფესიულად შემდგარი და თან სამი შვილის დედა, კარიერასა და შვილების აღზრდაში ოქროს შუალედის პოვნა საკმაოდ რთულია. თუმცა, როდესაც იაზრებ, რომ შვილს უპირველესად სჭირდება ბედნიერი და წარმატებული დედა, მაშინ ბალანსის დაჭერაც შედარებით მარტივდება. „დღესაც მახსოვს ჩემი პირველი შვილის სიტყვები: „დედა, მე შენით ვამაყობ“ - სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად ახარებთ წარმატებული დედა!“ - ამბობს ჩვენი დღევანდელი სტუმარი, სამი შვილის დედა, ექიმი, კლინიკა „ენმედიცის“ გენერალური მენეჯერი და ფილიალების დამფუძნებელი, ნინო ბურნაძე.
ნინო, გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები კარიერაში წარმატების მიღწევის სურვილი დიდი იყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე წავედი დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად, სადაც წარმატებით გავიარე ჯანდაცვის მენეჯმენტი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში. გარდა ამისა, ამ ყველაფრის უკან იყო თავდაუზოგავი შრომა და დიდი სურვილი. ვთვლი, რომ გამიმართლა, რადგან ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ ჩემს პოტენციალს და აფასებდნენ ამ შრომას, რომელიც საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?
წარმატება მოაქვს პრინციპებს და მიზანდასახულობას. არ მაშინებს დაბრკოლებები, საკუთარი მიზნების მისაღწევად ფარ-ხმალს არასდროს ვყრი და ყოველთვის ვცდილობ ბოლომდე მივიყვანო ის კონკრეტული საქმე.
გაგვაცანით კლინიკა „ენმედიცი“...
„ენმედიცი“ არის მულტიპროფილური კლინიკა, სადაც პაციენტს შეუძლია ნებისმიერი გამოკვლევის, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარულის ერთ სივრცეში ჩატარება. „ენმედიცის“ ლაბორატორია სარგებლობს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამედიცინო ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებით. კვლევის მეთოდები მუდმივად ვითარდება და იხვეწება. გვაქვს ISO-ს სერტიფიკატი და ყოველწლიურად გადის გარე ხარისხის კონტროლს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ენმედიცის“ ლაბორატორია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს.
ჩვენთვის ცნობილია, რომ კლინიკაში სიახლე გაქვთ - ესთეტიკური მიმართულება გახსენით... დავამატეთ ესთეტიკური მედიცინის მიმართულება, სადაც კეთდება დღეს ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი კონტურული პლასტიკა, რომლის ხელმძღვანელი მე გახლავართ.აღსანიშნავია, რომ კლინიკაში ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ფილერებს და ბოტოქსებს, რომელიც სერტიფიცირებულია ევროპისა და ამერიკის მიერ. ჩემთვის ესთეტიკური მედიცინა პროფესიაც არის და ჰობიც, რადგან ამ სფეროში მუშაობა დიდი სიამოვნებაა.
რომელი პროცედურა არის ყველაზე მოთხოვნადი?
საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა არის ტუჩის აუგმენტაცია (მოცულობაში გაზრდა). ზოგს მოსწონს უფრო მეტად გამოკვეთილი შედეგი, ზოგი ბუნებრივ ეფექტს ანიჭებს უპირატესობას. ვფიქრობ, ბალანსი აუცილებლად უნდა იქნეს დაცული და ექიმმა სწორად შეარჩიოს პროცედურა, რომ პაციენტის ინდივიდუალიზმი იყოს შენარჩუნებული.
რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?
როდესაც ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ჩემში იწვევს დიდ ინტერესს და ვხედავ შედეგს, რომლითაც პაციენტი ბედნიერი და კმაყოფილია, ამ მოლოდინით მოტივაცია ძალიან დიდია.
გაგვაცანით ოჯახი...
მყავს მეუღლე და 3 შვილი. 2 ვაჟი და 1 გოგო. ჩვენს ოჯახში დიდი ენერგია ტრიალებს, ყოველთვის ქაოსი და ჟრიამულია შინაურ ცხოველებთან ერთად.
რთულია გქონდეს წარმატებული კარიერა და იყო სამი შვილის დედა?
ჩემი პროფესიული ზრდა და პირადი ცხოვრება ერთმანეთს დაემთხვა, რამაც ნაწილობრივ უკან დამხია. არ იყო მარტივი ერთდროულად 3 შვილის გაზრდა და კარიერაზე ზრუნვა. სანამ ბავშვები წამოიზარდნენ, მომიწია გარკვეული ეტაპი გადამელახა მათთან ერთად, თუმცა დღეს უკვე სკოლის მოსწავლეები არიან და მეც დაბალანსებული მაქვს ოჯახსა და კარიერაზე ზრუნვა. ჩემი პირველი შვილის სიტყვები: „დედა, მე შენით ვამაყობ“, ეს იყო, რამაც მიმახვედრა, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად უხარიათ წარმატებული დედა!
როგორ ფიქრობთ, დღეს რა გამოწვევების წინაშე არიან ქალები? და როგორ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი?
ყოველთვის იყო ის პრობლემა, რომ მამაკაცებს მეტი უპირატესობა ჰქონდათ, ვიდრე ქალებს. მიხარია, რომ დღეს ორგანიზაციებში გენდერულ ბალანსს მივაღწიეთ, ჩვენს კლინიკაში 80% ქალია. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, იყვნენ დასაქმებულები და ლიდერები. ქალებმა უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი გვერდში დგომით, მივცეთ სტიმული წარმატებისთვის და გვიხაროდეს თითოეული ქალის წინ გადადგმული ნაბიჯი. მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალისთვის.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სამომავლო გეგმებში აუცილებლად მოიაზრება კლინიკის გაფართოება საქართველოს მასშტაბით. პროფესიულ განვითარებას რაც შეეხება, სამომავლოდ პლასტიკურ ქირურგიაშიც ვაპირებ გადასვლას, რაც ჩემი ყველაზე დიდი სურვილია.