როგორ გავლენას ახდენს ჰორმონები ჩვენს ორგანიზმზე?

ბლოგი
26 დეკემბერი, 2024

როგორ გავლენას ახდენს ჰორმონები ჩვენს ორგანიზმზე?

ენდოკრინოლოგია სწავლობს ჰორმონ მაპროდუცირებელ ჯირკვლებს, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვალი, პანკრეასი, პარათირეოიდული ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი, ჰიპოფიზი, საკვერცხე, სათესლე და მათ დაავადებებს. 

ვიწრო გაგებით, ენდოკრინოლოგია არის ჰორმონული დარღვევების შესწავლა. თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ენდოკრინული სისტემის გავლენა ორგანიზმზე გაცილებით ფართოა. 

ყველა ორგანო და ფუნქცია კონტროლდება ჰორმონებით. ისინი გამოიყოფიან სხეულის ერთ ნაწილში, გადაადგილდებიან სისხლის ნაკადში და გავლენას ახდნენ სხეულის სხვა ნაწილზე, რითაც ქმნიან ერთიან ქსელს, რითაც სხეულის სხვადასხვა ნაწილია ერთმანეთთან არის დაკავშირებული. 

ჰორმონები აკონტროლებენ და გავლენას ახდენენ ისეთ ფიზიოლოგიურ პროცესებზე, როგორიცაა ზრდა, განვითარება, გამრავლება, სქესობრივი მომწიფება, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლა, ძვლოვანი ქსოვილის ცვლა, სტრესზე რეაქცია, თერმორეგულაცია და ა.შ. ხშირად,  ენდოკრინული დარღვევებით არის გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზია, უნაყოფობა, დეპრესია. ცხიმოვანი ქსოვილი ამჟამად აღიარებულია უდიდეს ენდოკრინულ ჯირკვლად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კი გამომუშავდება  ჰორმონები, რომლებიც გავლენას ახდენენ ცხიმოვან, ნახშირწყლოვან და ენერგერტიკულ ცვლაზე. მნიშვნელოვანი კავშირია ენდოკრინულ და იმუნურ სისტემას შორის. 

სიმპტომები, რომლებსაც იწვევს ენდოკრინული დაავადებები, ხშირად ძალიან არასპეციფიურია: 

საერთო სისუსტე, დაღლილობა, წონის მატება ან კლება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სხეულზე თმის საფარველის შეცვლა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ჭარბთმიანობა ქალებში, აკნე, მაღალი არტერიული წნევა, გულის რიტმის დარღვევა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, გუნება-განწყობის ცვლილება, ოფლიანობა, ყაბზობა და ა.შ. ამიტომ,  ერთი შეხედვით, ყოველთვის არ არის ნათელი, რომ სამედიცინო პრობლემას ენდოკრინული საფუძველი აქვს და ხშირად პაციენტი გადის გრძელ და დამღლელ გზას, ენდოკრინოლოგთან მოხვედრამდე. 

ენდოკრინოლოგიაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება კვლევის სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის, სისხლის ანალიზი, ვიზუალიზების მეთოდები (ულტრასონოგრაფია), საჭიროებისას ხდება ქსოვილის ნიმუშის აღება (ბიოფსია), საჭიროებისას მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას.

ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ გართულებები, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. 

რომელ ენდოკრინულ დაავადებებს მკურნალობენ ჩვენს კლინიკაში?

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (კვანძოვანი და დიფუზური ჩიყვი, ჰიპერ და ჰიპოთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური და ანთებითი პროცესებით გამოწვეული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის კიბო)

  • შაქრიანი დიაბეტი

  • სიმსუქნე და მეტაბოლური დარღვევები

  • მიკროელემენტების დეფიციტი ან სიჭარბე

  • პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადებები

  • ოსტეოპოროზი

  • ჰირსუტიზმი (ჭარბთმიანობა ქალებში)

  • ლიპიდური ცვლის დარღვევა

  • აკრომეგალია

  • კუშინგის სინდრომი

  • პროლაქტინომა

  • უშაქრო დიაბეტი

  • პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

  • ადისონის დაავადება

  • ჰიპოგლიკემიური მდგომარეობები

  • ფეოქრომოციტომა და ა.შ.