საქველმოქმედო პროექტი - „ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ“

დღევანდელი მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, ავადობისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით, წამყვანი ადგილი არაგადამდებ (ქრონიკულ) დაავადებებს უჭირავს.
 

არაგადამდები დაავადებები მსოფლიოს უმეტეს რეგიონებში სიკვდილის ძირითად მიზეზს წარმოადგენს და, ექსპერტთა აზრით, მომავალშიც მოსალოდნელია ამ რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნული ტენდენცია ვრცელდება საქართველოშიც.
 

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დროული, ადექვატური მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ გართულებები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილებზე პროფილაქტიკური გასინჯვების ჩატარება.
 

კლინიკა „ენმედიცი“ ცდილობს, მის ხელთ არსებული საშუალებებით, გაუწიოს საქართველოს მოსახლეობას გარკვეული დახმარება, რაც დაავადებების ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის საშუალებას მისცემს მათ. 
 

ვფიქრობთ, რომ თითოეული ადამიანის თუ ორგანიზაციის მიერ გაზიარებული სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გარემოს ჩვენს გარშემო.
 

სწორედ ამიტომ, კლინიკა ,,ენმედიცი“ 2013 წლიდან  ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს „ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ“.
 

პროექტი გულისხმობს სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ აქციებს:

1) აქციების ერთერთი ტიპი არის რეგიონებში მოსახლეობის უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის მონაწილეობით. ესენია: ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. გასინჯვებისას, ასევე, ხორციელდება კლინიკურ-დიაგნოსტიკური და ექოსკოპიური გამოკვლევები.
 

საქველმოქმედო აქციები მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. პროექტის მიმდინარეობა შეთანხმებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.
 

გასინჯვები ტარდება კლინიკის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული აქციების ფარგლებში და მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს, მათ შორის მაღალმთიან და საზღვრისპირა რაიონებსაც.

 

2) გარდა ამისა, ჩვენი კლინიკა, დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით, ამავე პროექტის ფარგლებში აწყობს ჰუმანიტარულ აქციებს თბილისშიც.

 

მაგალითად,

  • ყოველწლიურად ვაწყობთ ერთკვირიან აქციას „ენმედიცი ჭარბი წონის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ უფასო კონსულტაციები ექიმ-სპეციალისტებთან და ფასდაკლებები ლაბორატორიულ კვლევებზე. 
  • ასევე  ყოველწლიურად, დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ვაწყობთ ერთკვირიან აქციას - „ენმედიცი დიაბეტის წინააღმდეგ“. ამ აქციის ფარგლებში იმართება უფასო მიღება სპეციალისტებთან, უფასო ანალიზი სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრისთვის და მნიშვნელოვანი ფასდაკლება სხვადასხვა აუცილებელ ლაბორატორიულ კვლევებზე. ასევე, ხორციელდება საგანმანათლებლო მასალების გამოქვეყნება და ლექციების ორგანზება ნებისმიერი მსურველისათვის.
  • დაწესებულება მონაწილეობს დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, სადაც სახელმწიფო აფინანსებს სამედიცინო მომსახურების 50%-ს  ან 70%-ს, იმის მიხედვით, თუ მკურნალობაზე რომელ სქემაზე იმყოება პაციენტი. დანარჩენი თანხა კი პაციენტის მხრიდან არის გადასახდელი. მიუხედავად ასეთი დახმარებისა სახელმწიფოს მხრიდან, რიგ შემთხვევაში დარჩენილი თანხის გადახდაც უჭირს ზოგიერთ პაციენტს. ჩვენი კლინიკა ამ შემთხვევაშიც პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და გადასახადის დიდ ნაწილს თავის თავზე იღებს.
  • კლინიკა პერიოდულად აწყობს უფასო გასინჯვებს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სხვადასხვა დარგის ექიმი-სპეციალისტების მონაწილეობით და კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების უზრუნველყოფით. ეს აქციები თბილისის სხვადასხვა რაიონის მაცხოვრებელი ოჯახებისთვის ტარდება წინასწარ შემუშავებული განრიგის მიხედვით.
     

ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ამ პროექტის გაგრძელებას სხვადასხვა სახის აქციების სახით:

წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად გაგრძელდება გასვლები რეგიონებში, თბილისის სხადასხვა რაიონის მაცხოვრებელი მრავალშვილიანი ოჯახების უფასო სამედიცინო მომსახურება, განსაკუთრებულად აქტუალური დაავადებების (ძირითადად ენდოკრინოლოგიური) წინააღმდეგ მიმართული აქციები. 

 

იხილეთ სიახლეები