ფარისებრი ჯირკვლის კიბო – ენდოკრინოლოგი თამარ კუპრეიშვილი

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა, აღნიშნულ დღეზე და  ონკოლოგიურ დაავადებებს შორის ყველაზე არააგრესიულ დაავადებაზეფარისებრ ჯირკვალზე გადაცემა პულსში  ექიმმა - ენდოკრინოლოგმა მედიცინის დოქტორმა,  თამარ კუპრეიშვილმა ისაუბრა.

  

- ქალბატონო თამარ, რას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის კიბო და როგორია სტატისტიკური მონაცემები?

ბოლო ათწლეულებში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შემთხვევები მთელ მსოფლიოში გახშირდა, რაც დაკავშირებულია გარემოს არასასურველ ფაქტორებთან,

მაგალითად, ატომურ ელექტროსადგურებზე მომხდარმა ავარიებმა განაპირობა გარემოს დაბინძურება  რადიოაქტიური იზოტოპებით, დაზიანდა ადამიანების იმუნური სისტემა, განვითარდა მიკროელემენტების დისბალანსი, რაც უარყოფითად აისახა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი  იოდის დეფიციტი. სამწუხაროდ, პლანეტის მოსახლეობის მესამედი იოდის სერიოზულ დეფიციტს განიცდის, ამავე პრობლემის წინაშე იყო  საქართველოც, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონები. თუმცა, 2017 წელს იუნისეფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელმაც სასკოლო ასაკის ბავშვები გამოიკვლია, საქართველო იოდით ადეკვატურად მომარაგებულ ქვეყნად ჩაითვალა. მსგავსი შედეგი 2005 წელს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების დამსახურებაა, როცა აიკრძალა არაიოდიზირებული მარილის გაყიდვა.

იოდის მძიმე დეფიციტის პირობებში ჩიყვი გვხვდება 80%-ში. კვანძი - შემოსაზღვრული უბანია ფარისებრ ჯირკვალში, რომელიც ირგვლივ არსებული ჯანმრთელი ქსოვილებისგან განსხვავდება. კვანძების არსებობისას დაავადება  80%-ში არასიმსივნურია, 15%-ში კეთილთვისებიანი სიმსივნეა და მხოლოდ 5%-შია ავთვისებიანი. აღსანიშნავია, რომ დაავადება ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაშიც კეთილსაიმედო მიმდინარეობითა და პროგნოზით ხასიათდება. ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტირებისას ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი კერის ანუ კვანძის ზომის (1 სანტიმეტრზე ნაკლები - მიკროკარცინომა, 1 სანტიმეტრზე მეტი - მაკროკარცინომა) დადგენა, რადგან რაც უფრო მცირეა კვანძი, მით უფრო საიმედოა პროგნოზი.

 

- რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირება?

ფარისებრი ჯირკვლის დაავადება შეიძლება ისე აზიანებდეს ადამიანს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდეს, რადგან  სიმპტომები ხშირად ვითარდება იმდენად ნელა, რომ პაციენტიც და გარშემომყოფებიც ეჩვევიან ამ ცვლილებას და ადაპტირდებიან მასთან. 

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რიცხვი ასაკის მატებასთან  ერთად იზრდება, ქალებში დაავადება უფრო ხშირია,  ვიდრე მამაკაცებში, თუმცა მამაკაცებში უფრო ხშირია ავთვისებიანობის  რისკი. ამიტომ აუცილებელია სკრინინგის სულ მცირე წელიწადში ერთხელ ჩატარება.

 

- საინტერესოა, რატომ ავადდებიან ქალბატონები უფრო ხშირად?

 ამასთან დაკავშირებით მართალია, არ არსებობს მტკიცებულებები, მაგრამ არსებობს თეორიები. მაგალითად,  დიფუზური ჩიყვი ყველაზე ხშირად გვხვდება პრემენოპაუზის პერიოდში და ასაკის მატებასთან ერთად მისი სიხშირე მცირდება. ამიტომ სავარუდოა,  რომ აღნიშნული შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰორმონალურ ძვრებთან.

 

- ავთვისებიანი სიმსივნის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტები საზღვარგარეთ ამჯობინებენ მკურნალობას. რა მეთოდები არსებობს საქართველოში ჩიყვის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის?  

- ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევაში ნამდვილად არაა საჭირო საზღვარგარეთ გამგზავრება, რადგან საქართველოში უმაღლესი დონის სპეციალისტები გვყავს, დაავადების დიაგნოსტირების და მკურნალობის მეთოდები კი, თანამედროვე გაიდლაინებთანაა ადაპტირებული.

 

- დაავადების მკურნალობის რა მეთოდებით ხელმძღვანელობს თანამედროვე ენდოკრინოლოგია?

- სიმსივნის შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალურად ოპერაცია ითვლება, სიმსივნის ზომის გათვალისწინებით შესაძლოა საჭირო გახდეს რადიოთერაპიაც, მერე კი, მედიკამენტური მკურნალობა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებისთვის.

 

- რამდენად შესაძლებელია დაავადებისგან თავის დაცვა? 

როგორც აღვნიშნეთ ფარისებრ ჯირკვლი დაავადებების ერთ-ერთი მიზეზი  იოდის დეფიციტი. მართალია, საქართველოში იოდის დეფიციტი აღმოფხვრილად ითვლება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მაინც არსებობს შეკითხვები და როცა იოდით პროფილაქტიკაზეა საუბარი, განსაკუთრებით ორსულებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება გადაწყვეტილების მიღება. აქ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, რადგან როგორც იოდის დეფიციტი, ასევე მისი სიჭარბე  იწვევს პრობლემებს.

არსებობს დაავადებას კიდევ ერთი მიზეზი - ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მიმართ აუტოაგრესია, რომელზე ზემოქმედებაც რთულია. ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს თავ-კისრის დასხივება.   ამგვარი ზემოქმედებისგან  შეიძლება თავის დაცვა რენტგენის დროს კისერზე საყელოს მორგებით.

 

- რას ურჩევთ პაციენტებს?

ყურადღება უნდა მიექცეს სიმპტომებს. საერთო სისუსტის და დაღლილობის, შფოთვისა და დეპრესიის, ოფლიანობის, წონის მატებისა და კლების, თმის ცვენის, ფრჩხილების მტვრევისა და ყლაპვის გაძნელების შემთხვევაში აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა. ასევე გამოვიკლიოთ ფარისებრი ჯირკვალი,  

თუ ანამნეზში გვაქვს თავ-კისრის დასხივება, გვაქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ოჯახური ისტორია.